მამუკა ბახტაძე – ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას

ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მხრივ შემოდგომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება გადასახდები სოფლის მეურნეობაში.

„როდესაც ვსაუბრობთ „მწვანე ეკონომიკაზე“, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვექნება სოფლის მეურნეობაში. მე დავაანონსე, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით პრიორიტეტებს სოფლის მეურნეობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვერასდროს დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. ბევრი ჩვენი ოპონენტი საუბრობს, რომ მიუხედავად მასშტაბური ინვესტიციებისა, სოფლის მეურნეობაში მაინც ვერ ხდება გარღვევა. ჩვენ უნდა განვასხვავოთ სოფლის მეურნეობა ნატურალური მეურნეობისგან. სამწუხაროდ, იმას რასაც ჩვენ და ჩვენი ოპონენტები ვუწოდებთ სოფლის მეურნეობას, ის არ გახლავთ სოფლის მეურნეობა. ის არის, ნატურალური მეურნეობა, რომელიც გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი წყარო. დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სოფლად, იძულებულია იყოს დაკავებილი არა სოფლის მეურნეობით, არამედ ნატურალური მეურნეობით. ანუ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ იყენებს საკვებად. ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახდისგან, მაგრამ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და შემოდგომაზე ჩვენ ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში იქნება ერთ-ერთი და ყველაზე დაბალი გადასახდები სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი პირადი ამოცანაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, რეალურად გადასახდებისგან გავათავისუფლოთ სრულად ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *