ფიქრია ჩიხრაძე – ყველას გამოწვევაა, შევარჩიოთ, პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც უიმედო სიტუაციაში სხივს გააჩენს

„თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევაა, რომ შევარჩიოთ, პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ თითქოს უკვე უიმედო სიტუაციაში სხივს გააჩენს,“ – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის მრჩევლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები.

„კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ჯერ კონტურები არ გამოკვეთილა, მაგრამ ძალიან კარგი დიალოგი იყო დღეს ამ ადამიანებთან, ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, თუ პროცესი ამ მოკლე დროში როგორ წარიმართოს ეფექტიანად. იყო ძალიან საინტერესო, ეს ადამიანები რამდენად კარგად ხედავენ შექმნილ სირთულეებს სასამართლო სისტემაში, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს შანსი, რომელიც არის დღეს გაჩენილი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისა, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. ეს გამოწვევაც არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ შევარჩიოთ, პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ თითქოს უკვე უიმედო, ჩიხურ სიტუაციაში იმედის სხივს გააჩენს სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებისას,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

ფიქრია ჩიხრაძე

ფიქრია ჩიხრაძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *