ფინანსთა სამინისტრო ივნისში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებით ხსნის

ფინანსთა სამინისტრო ივნისში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებით ხსნის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, მშენებლობების ტემპის შემცირება იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც აღნიშნულ სექტორს დაუწესდა.

“დღეს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნდა ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ამ მაჩვენებელმა 4% შეადგინა, რაც შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, ვიდრე წინა თვეში იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი აჯამებს მეორე კვარტლის და პირველი წლის მაჩვენებლებს. 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად მაღალი, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 5,5% იყო. ასევე ის მაღალია ჩვენს მიერ წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ხაზს უსვამს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს. ამ პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ექსპორტის სექტორი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპორტის ზრდის მოლოდინი გაგრძელდება. ეკონომიკურ ზრდაში მეორე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი არის ტურიზმის სექტორი, რომელიც ძალიან კარგი და დადებითი ტემპით ვითარდება. მშპ-ს ზრდაში გარკვეულწილად უარყოფითი გავლენა იქონია მშენებლობის სექტორში შენელებამ, რაც პრინციპში შეესაბამება ჩვენს მოლოდინს, რომელიც გამომდინარეობს იმ ახალი რეგულაციების დაწესებიდან, რომელიც წლის დასაწყისიდან მოხდა და რომელიც უკავშირდება ჩვენს ახალ პოლიტიკას, რომლის მიზანია ახალი ეკოლოგიური სტანდარტების დაწესება აღნიშნულ სექტორში. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მოკლევადიან პერიოდში აუცილებლად გაუმჯობესდება და გვაქვს მოლოდინი, რომ მშენებლობის სექტორში მაღალი აქტივობები დაიწყება რამდენიმე თვეში, მაღალი ზრდა უფრო მაღალი ეკონომიკური და ეკოლოგიური სტანდარტებით“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *