უნდა გაქრე ან წახვიდე ხმის მისაცემად… შენ რომ ამას გააკეთებ, შენ ჩვენგან მიიღებ 500 ლარს – ფოთში ოპოზიციის რეგისტრატორს ფული შეთავაზეს

ფულის შეთავაზების ფაქტი ფოთში – გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს თანხა შესთავაზეს. აღნიშნული ფაქტი ფოთის 23-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს.

გაერთიანებული ოპოზიციის რეგისტრატორმა „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მივიდა და დღის მეორე ნახევარში, 05:00 საათიდან 06:00 საათამდე მას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. ამის სანაცვლოდ „ოცნების“ წარმომადგენელმა გარკვეული თანხა შეთავაზა.

„უნდა გაქრე ან წახვიდე ხმის მისაცემად, ვიცით, სადაც აძლევ ხმას, ან საჭმელად ჩახვიდე… შენ რომ ამას გააკეთებ, შენ ჩვენგან მიიღებ 500 ლარს,“ – ამის შესახებ საუბრობს, სავარაუდოდ, „ოცნების“ წარმომადგენელი აუდიოჩანაწერში.

გაერთიანებული ოპოზიციის რეგისტრატორი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გეგმავენ ამომრჩევლის მობილიზებას.

„ის ადამიანი ითხოვდა უშუალოდ 17:00-დან 18:00 საათის მონაკვეთში, ერთი საათით, მე უბნიდან უნდა გავსულიყავი და ის მოიყვანდა მისთვის სასურველ ადამიანებს, თავიანთ რეგისტრატორებთან, რომლებიც არიან მისთვის გამწვანებულები. ესენი ითხოვდნენ ამ შეთავაზების მოთხოვნის მიღებას ჩემზე, რის სანაცვლოდ იძლეოდნენ 500 ლარს პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპზე, ანუ არჩევნების დასრულებისთანავე, მეორე 500 ლარს,“ – ამბობს რეგისტრატორი.

ამ ფაქტს გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

„მგონი მოვიდა დრო, რომ ჩავაბაროთ წარსულს ეს კარუსელები, სომხური კარუსელები, ეს გაყალბება, ეს ხალხის ტრიალი, მარშუტკებით სიარული წინ და უკან და იმედია, რომ ეს ფაქტი დღეს საბოლოოდ დასამარდება,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ფაქტის გარდა სხვა დარღვევებიც მოხდა, მათ შორის, წილის ყრა კანონდარღვევით განხორციელდა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

ფოთი

ფოთი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *