საქართველოს საგარეო უწყება – გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში

გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში, მეზღვაურები უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროებებით და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). შედგა ქართული მხარის კონტაქტი გემის ეკიპაჟთან, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა) და მისი წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში იქნა გატაცებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები. შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე ორივე უწყება გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე: საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა. ასევე, სააგენტო განახლებულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობაზე აწვდიდა მეზღვაურთა ოჯახებს. 24 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურთა ოჯახებთან გამართულ მშეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დახმარებაზე. საქართველოს მთავრობა რჩება აქტიურ კავშირზე გემ PANTELENA-სთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ყოფნას გამოთქვამს ქართველ მეზღვაურთა დახმარებაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო უწყება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *