რუმინეთის პროკურატურამ ბუქარესტში ანტისამთავრობო მანიფესტაციის დარბევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუმინეთის პროკურატურამ ბუქარესტში ანტისამთავრობო მანიფესტაციის დარბევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რუმინეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„სამხედრო პროკურორებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჟანდარმების ჩარევის მეთოდებთან და იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვიქტორიას მოედანზე მანიფესტაციის მსვლელობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურ პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ სამხედრო პროკურატურა პოლიციის განყოფილებებში შეტანილ საჩივრებს შეაგროვებს.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი. 65 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *