მამუკა ბახტაძე – ჩვენ მოხარული ვართ, რომ აშშ, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსეთი, სამწუხაროდ, არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომ ის გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან.

„ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში – ევროკავშირის მისია. ქალბატონ კანცლერს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობა, განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. „ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, მე არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ: საქართველო თავისი ფასეულობებით ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ოფიციალური არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია არის, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა. ხალხთა შორის ურთიერთობები მართლაც რომ ძალიან კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს ფუნდამენტი, რომ გამოიძებნოს სამშვიდობო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს სამართლიანად დაარეგულირებს. არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს დოკუმენტები რომელიც ხელმოწერილია და მას სჭირდება შესრულება, პოლიტიკური ნება და ჩვენ ვართ მოხარული, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები: აშშ, ევროკავშირი და გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე, რადგან დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ საწადელს. ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. აქ ისმის კითხვა: ეს არის იმ ადამიანების ინტერესებში, ვინც აქ მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობრულად, რომ ეს სტატუსკვო მიგვეღო?! ეს არის ჰუმანიტარული ტრაგედია. ჩვენ ვართ ძალიან ორიენტირებული კონკრეტულ მიზნებზე, რომ მოვახდინოთ ნდობის აღდგენა. თქვენ იცით ჩვენი პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე, მივცეთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, შეძლონ ელემენტარული სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობას და სამართლიანობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *