მამუკა ბახტაძე – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, საქართველო უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი იქნება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, საქართველო უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი იქნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზის მიხედვით, საქართველო უახლოეს წლებში იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 5 პროცენტი, წელს კი ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

„ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება უფრო მეტად მოხდეს გლობალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

მანვე ისაუბრა საკრედიტო რეიტინგების დინამიკაზე. მისი თქმით, „მუდისმა“ შარშან შემოდგომაზე გააუმჯობესა რეიტინგი.

„დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ინვესტორებისთვის საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა“, -განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შარშან დაფიქსირდა ისტორიული შედეგი.

„ძალიან გვიხარია, რომ ამ მოზიდულ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ძალიან ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული რომელიმე ერთ სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, რაც ძალიან კარგი სიგნალია და შემდგომ სავაჭრო დივერსიფიკაციას ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა ბახტაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *