თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლთა ნაწილის მიერ დაგეგმილ გაფიცვას უარყოფს

თბილისის მიკროავტობუსი“ მიკრავტობუსების მძღოლთა ნაწილის მიერ დაგეგმილ გაფიცვას უარყოფს. კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. მათი მტკიცებით, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსით“ გავრცელებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზად ყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი ხვალ გაფიცვას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განუცხადა, ხვალ 09:00 საათიდან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცებიან და მოითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ.

რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, – განაცხადა ვასილ ლორიამ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გაიფიცება. „ჩვენ ვიკრიბებით დიღმის ავტოფარეხში 09:00 საათზე. სულ ქალაქში 3 ავტოფარეხი და 2 ათასი მანქანაა. ამ ეტაპზე 350 მანქანას გაუვიდა ვადა, რადგან მანქანები ეტაპობრივად შემოდიოდა“, – განაცხადა მძღოლმა ვასილ ლორიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *