თამარ ჩუგოშვილი – რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებისას მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული.

როგორც ჩუგოშვილმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ცვლილებები ეხება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

“პარლმენტს ჯერ არ დაუწყია ამ საკითხის განხილვა, ამიტომ ჯერ ცოტა ნაადრევია კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება მთავრობის ამ ინიციატივას, ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს არააუცილებლობის შემთხვევაში რესურსის ხარჯვა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ. ალბათ, მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის დაკნინება ხდება, როცა ეს კანონპროექტი ეხება პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს, არასწორი აღქმაა პროცესის. მთავრობამ შემოგვთავაზა ეს ცვლილება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს განხილვების პროცესში, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *