გიორგი მარგველაშვილი – სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი

სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევქმენით არა ერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი და სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მიერ, ერთი ქართველის მიერ მეორე ქართველის დაჩაგვრა ჯერ კიდევ პოლიტიკური ელიტის სტილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ზეიმობს კონსტიტუციის დღეს და ამ ზეიმში არის სირთულეების გააზრებაც და მომავლის ხედვაც.

„ამ ზეიმში არის თუნდაც იმის გააზრება, რომ სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევქმენით არა ერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი და სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მიერ, ერთი ქართველის მიერ მეორე ქართველის დაჩაგვრა ჯერ კიდევ პოლიტიკური ელიტის სტილია. ერთიან თემებზე გაერთიანება ჯერ კიდევ გვიჭირს. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა თემაზე ერთნაირად ვფიქრობდეთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ჩვენში განსხვავება არ უნდა იყოს. ეს საკითხები არის ჩვენი ერის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია – ამ თემებზე არ შეიძლება ჩვენ ვკამათობდეთ, ამ თემებში ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ. ასეთი დღე დადგება და ამ დღის დადგომის წინაპირობა არის ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს როგორც კონსტიტუციას, ისევე ამ ღირებულებების განმტკიცებას. ჩემი მუშაობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ყოველთვის ამ თემებში საერთო ენის გამონახვაზე იყო ორიენტირებული. მთავარი, რასაც მე ვესწრაფოდი ჩემს საპრეზიდენტო მუშაობაში, მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მივსულიყავით საერთო წერტილებამდე, მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ გვეპოვნა საკითხები, რომლებშიც ყველა ერთიანი ვართ, მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნება ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის განსხვავებულობას, პატივს ვცემთ ამ განსხვავებულობას და მივცემთ შესაძლებლობას ყველა განსხვავებულ ადამიანს, ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. ამის ემოციას მე ვპოულობდი ჩვენს წარსულში, ამ გზას მე ვხედავდი დიდი წინაპრების გზის განმეორებაში. მხოლოდ მაშინ მოგვიგია დიდი ბრძოლები, როდესაც ჩვენი დიდი წინაპრის ლაშქარში, სადაც არ იდგნენ მარტო ქართველები და ერთდროულად იყვნენ ოსები, ყივჩაღები, ფრანგები და ქართველები. ის იყო ძლიერი საქართველო. ამ მიზნის სამსახურში, რომ მიუხედავად ჩვენი თავისუფლებისა, ჰპოვოთ გაერთიანების წერტილები, მე არ დავიღლები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მისი მიზანი არის საქართველო იყოს ერთიანი და ძლიერი თავის სუვერენიტეტში, თავის საზღვრებში. „ეს უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი ერი, რომელსაც თავისი მომავლის ხედვა გააჩნია. ამ პერსპექტივის მნიშვნელოვანი ატრიბუტები არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაბამისად, მათი გაძლიერება არის საზოგადოების გაძლიერებაც. კონსტიტუცია ამ ინსტიტუტების გაძლიერების მთავარი დოკუმენტია. ბევრ ერს არ მისცემია შესაძლებლობა, თავის ენაზე დაწეროს თავისი კონსტიტუცია. ჩვენ ამის ბედნიერება გვაქვს და ეს შესაძლებლობა ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ისევე, როგორც ენა ან დამწერლობა არ არის რომელიმე ცალკეული პირის, ან პირთა ჯგუფის და ეკუთვნის მთელ ერს, ჩვენი კონსტიტუციაც არ არის საკუთრება რომელიმე პოლიტიკოსის ან განსწავლული მეცნიერის და იურისტის, ის არის ჩვენი ხალხის მთლიანად. მე მჯერა, ეს განცდა, რომ კონსტიტუცია ყველასია, როდესმე იქნება განსხეულებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ დოკუმენტში. მე მჯერა ეს დრო დადგება მაშინ, როდესაც საქართველოში შევძლებთ არა ახალი რამის მოგონებას, არამედ დაბრუნებას ჩვენს ფესვებთან და იდენტობასთან. ასეთი იყო ჩვენი იდენტობა, ჩვენი წინაპრების გააზრება თავიანთი როლის, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვართ და ერთმანეთი არ უნდა გავარჩიოთ საერო და ერთიან საქმეებში. მაშინ ჩვენ არ ვეძებდით ერთმანეთში განსხვავებებს, რადგან მაშინ ეგზისტენციალური პრობლემები იდგა. მე მჯერა, რომ ასეთი საქართველო დადგება“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *