არჩილ თალაკვაძე – დროა თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა – დავუბრუნოთ ლესელიძეს სახელი “გეჩრიფში” და განთიადს – “ცანდრიფში”

დროა თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა – დავუბრუნოთ ლესელიძეს სახელი “გეჩრიფში” და განთიადს – “ცანდრიფში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” გაბედული ნაბიჯი გადადგა, როდესაც შეიმუშავა ახალი ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”.
“ამ სამშვიდობო ინიციატივით ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას ეკონომიკის, განათლების, სოციალური და საჯარო სერვისების სიკეთეებს და მიღწევებს ვუზიარებთ. უკვე დროა უფრო გახსნილად ვესაუბროთ აფხაზებს, დროა თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა. კიდევ უფრო შევასუსტოთ მავთულხლართები, რომელიც ყოფს ჩვენს საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ უნდა ვაჩვენოთ მათ ჩვენი მზადყოფნა. აფხაზეთში გაგრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს დაბა, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს ლესელიძე, არადა მისი ნამდვილი აფხაზური ტოპონიმი არის “გეჩრიფში”. იგივე შემიძლია ვთქვა გაგრაში “ცანდრიფშზე”, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს განთიადი და სადაც ცანდრიფშის ულამაზესი ტაძარი მდებარეობს. ჩვენ უნდა შევცვალოთ იქ საბჭოური, რუსული მემკვიდრეობა და დავუბრუნოთ ამ ადგილებს თავისი ისტორიული სახელები. ეს საბჭოური დასახელებები ხომ თავის დროზე სწორედ ჩვენს მიმართ აფხაზების უკმაყოფილების შექმნისთვის გამოიყენეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *